საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა, სადაც მიმოიხილეს პანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს
„ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.