გადათხრილი დედაენის ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც სავარაუდოდ, მილიონები კეთდება - თბილისის მერს ისევ კორუფციაში ადანაშაულებენ. პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიწყო და თითქოს დასრულდა კიდეც, ისევ განაახლეს. შესაბამისად, ორჯერ გაიზარდა ხარჯთაღრიცხვაც.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის დასრულება 2019 წლით თარიღდებოდა, თუმცა უკვე გადახდილ 10 მილიონ ლარს, შემდეგ კიდევ 17 მილიონის ხარჯი და დაუსრულებელი სამუშაოები დაემატა. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ზონა კვლავ სამშენებლო მოედნად არის ქცეული.
არ იკმარეს ეს ცხრა მილიონი, ვერ დაამთავრეს ეს მშენებლობა და ახლა უკვე დამატებით 17 მილიონზე გააფორმეს კონტაქტი, რაც ერთ რამეს ნიშნავს, რომ თბილისის მერი მოქალაქეების ფულს უბრალოდ ფლანგავს, - ამბობს თბილისის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
თბილისი მერი ამბობს, რომ პროექტი ისედაც ორეტაპიანი იყო და ხელახლა გადათხრილ დედაენის ბაღში არაფერი განსაკუთრებული არ არის. მერიაში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია წლის ბოლოს ჩაბარდება.
პროექტის ხარჯთაღრიცხვა უკვე 23 მლნ ლარამდე ავიდა. თბილისის განვითარების ფონდში კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ. საბოლოო ჯამში, რამდენი დაჯდება ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია, უცნობია.