"ქართული ოცნება " ჩიხში მოექცა. ივანიშვილის გუნდის არაერთი მცდელობა, დაერწმუნებინა სტრატეგიული პარტნიორები, თითქოს ისტორიულ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლების ხსენება არ იყო, უშედეგო აღმოჩნდა. მწვავე კრიტიკის კასკადს სულ უფრო გავლენიანი პოლიტიკოსების კრიტიკა ემატება. დასავლეთი მმართველ გუნდს ღიად ეუბნება, რომ კიდევ ერთი დარღვეული პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად საბოლოოდ აქცევს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიკა "ოცნების" ხელისუფლებას შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს. ფოტიკა საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პირობებშიც კი ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.
ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს საქართველოში და ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით, უნდა შეჩერდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ვიცი, რომ ხელისუფლება უარყოფს პოლიტპატიმრების არსებობას, მაგრამ მე ვიცი, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა საქართველოში მოინახულა პოლიტიკური პატიმრები. ასეთი რამდენიმე შეხვედრა შედგა, ამიტომ უგულავაც და მის მსგავსად სხვებიც უნდა გათავისუფლედნენ.
სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პირობებში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ახლა ასეთი საქმეები უმნიშვნელო, ან მეორეხარისხოვანია, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში. ვეხმარებით მას ამ უმნიშვნელოვანეს ევროატლანტიკურ გზაზე, ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ადვოკატირებას ვუწევთ, რომ ქვეყანამ საკეთილდღეო ნაბიჯები გადადგას. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას.
უნდა ვთქვა, რომ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი იმ ტონით, რომელიც ძალიან საპატივცემულო პოლიტიკოსების, ანდრიუს კუბილიუსის პასუხად მოვისმინეთ. სულ მცირე, ეს პასუხი არადიპლომატიური და არამეგობრული იყო. ასე რომ, ის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა, ვიმედოვნებ, შესრულდება და საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - განაცხადა ანა ფოტიკამ.