სხალთელ ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კიდევ უზარმაზარი უნივერსიტეტიც აქვს შუახევში. ვინ იცის, იქ რა ხდება... ერთი ეპისკოპოსი კონსტიტუციას თავზე ახევს სახელმწიფოს, ბავშვებზე ძალადობენ, აუპატიურებენ და წლების განმავლობაში ხელისუფლება ვერაფერს ან არაფერს აკეთებს იმიტომ, რომ საპატრიარქო და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ხელშეუხებელნი არიან, თითქოს წმინდა სინოდის ყველა წევრი მართლაც წმინდა იყოს.
დიდი სიწმინდის მეორე მაგალითი მეუფე იაკობია, რომელიც უკვე წლებია საკუთარი კუნთების დემონსტრირებითა და ჭეშმარიტი ძველი ბიჭივით "პრავების კაჩაობითაა" დაკავებული. ხან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ემუქრება და თითს უქნევს; ხან მეტი დამაჯერებლობისთვის ვაშინგტონში მიფრინავს; ხან ძველ ხელისუფლებას აფრთხილებს და ახლა მთლად ხელში იარაღის აღებით დაიმუქრა, თუ ნაციონალები მობრუნებას გაბედავენ.
მეუფე იაკობი არც მალავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად და უფრო პირდაპირაც აპირებს ჩარევას, თუ ამის აუცილებლობას დაინახავს და ისევ გვახსენებს, რომ თუ მოინდომა, უდიდესი ძალის მობილიზება შეუძლია. ჯერჯერობით, მისი აქტიურობა იმით დასრულდა, რომ რაც იყო, იქიდანაც ჩამოაქვეითეს - ის აღარც ქორეპისკოპოსია და აღარც საპატრიარქოს ფინანსები აბარია. ალბათ, პატივმოყვარე მეუფეს ძალაუფლება შემოაკლდა და ამიტომ ახლა პოლიტიკაში ცდილობს ძალების მოსინჯვას.
თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი - "პოლიტიკოსი ეპისკოპოსი"