ყოფილი პრემიერის გუნდიდან ხელისუფლების შურისძიების პირველი მსხვერპლი სავარაუდოდ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იქნება. "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, იმის გამო რომ ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, სავარაუდოდ მის წინააღმდეგ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომატებს გამოიყენებს.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიგი ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრია და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შურისძიების სამიზნედ სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს.
ხელისუფლების სამიზნეა თავად გიორგი გახარიაც, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან ალიანსსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. დაიჭერენ თუ არა ყოფილ პრემიერს, დღეს ეს კითხვა თეა წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა.
თუ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი გადატრიალებას ამზადებდა, მაშინ რატომ არ იწყება მის წინააღმდეგ გამოძიება? - ამ კითხვით დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა პროკურატურას მიაკითხეს და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გიორგი გახარიას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც ამბობს რომ გახარიას პარტია ქართული ოცნების სატელიტი არ არის და ყოფილი პრემიერის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს.
ოლიგარქის ბრალდებების ადრესატი ივანიშვილს მხოლოდ სოციალურ ქსელში, საკმაოდ ნეიტრალურად და მოკლედ გამოეხმაურა.
სახელისუფლებო გუნდი არაფორმალური მმართველის რიტორიკას იმეორებს და გახარიას ივანიშვილის სახელის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ რომ გახარიას და მისი გუნდის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ორკესტრირებული შეტევა დაიწყოს.
ივანიშვილის გამოჩენა კი მათთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოლიგარქი პოლიტიკიდან არსად წასულა.