"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დააკვირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ აშლის თუ არა. მისი აზრით, მოსალოდნელია, რომ პარტიამ პარლამენტში "დესტრუქცია" გააგრძელოს.
"ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე, ანუ უარს ეუბნება ევროპულ და ამერიკულ გზას საქართველოს დემოკრატიის განვითარების და მიდის დესტაბილიზაციისკენ. მოსალოდნელია, რომ პარლამენტშიც იგივე დესტრუქცია იქნება გადმოტანილი. დავაკვირდებით, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულად თანამშრომლობას თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, 8 ივნისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.