
ოპოზიციური პარტიები ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას იწყებენ. მათ მიზანს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შემდგარი შეთანხმების შესრულება წარმოადგენს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტპატიმარების გათავისუფლებას ეხება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორების და ქართველი ხალხის მოტყუებას ცდილობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ რვა მარტს მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეთანხმების შესრულება სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესით გადავიდეთ არჩევნებში. რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციებს, იხილეთ, რაოდენ მწვავე რეაქციები მოჰყვა და ეს შეფასებები კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ივანიშვილი დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეასრულოს რვა მარტის შეთანხმებას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული ხელშეკრულების დროულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.
არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილს შევუქმნათ ის ილუზია, რომ მას შეუძლია ნახევარი შეთანხმება შეასრულოს და მნიშვნელოვანი ნახევარი ჩააგდოს და ამის შედეგად არანაირი პასუხი არ აგოს. მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.