არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ - თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

თამარ კორძაია, რომელმაც 4 ივნისს "რესპუბლიკური" პარტია დატოვა დღეს პარლამენტში მივიდა. კორძაიას თქმით, ის ამ ეტაპზე, არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ გეგმავს.

რაც შეეხება მის სამუშაო გეგმებს, როგორც კორძაიამ აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ის ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებს.

"მეათე მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა მომიწია. ამ ეტაპზე, არავისთან, არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ. რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, ვფიქრობ, მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, იმიტომ რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს დემოკრატიაზე უფლება წაერთვათ. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ამ ქვეყანაში ეჭვქვეშ დგას არჩევანის უფლება. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თვლიდა და თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდგომ უკვე პოლიტიკური კრიზისის შედეგად შედგა შეთანხმება და ამ შემოდგომაზე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მოქალაქეების უმრავლესობის ნება ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა არ იყო. სწორედ ეს არის ძირითადი მიზანი და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავანახოთ ამ ხელისუფლებას",- თქვა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე იმუშავებს. მან "რესპუბლიკური პარტია" 7 ივნისს დატოვა. მასთან ერთად პარტია დატოვა ლევან ბერძენიშვილმაც.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, დღევანდელ სხდომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი