UNICEF მზადაა მთავრობას ბავშვების ოჯახურ ზრუნვაში გადაყვანის პროცესში დაეხმაროს

გამოქვეყნდა:

გაეროს ბავშვთა ფონდი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ორგანიზაცია მზადაა მთავრობას დაეხმაროს დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვების ინსტიტუციიდან გამოყვანისას სიფრთხილის დაცვაა საჭირო. მათი თქმით, საჭიროა ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზეც ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას უნდა მიენიჭოს. UNICEF პროცესში სპეციალისტების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ამასთან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკური და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვებზე მორგებული პროცედურის დაცვით უნდა ჩატარდეს:

"შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია.

ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება.

ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ინსტიტუციაში მოთავსებული ბავშვებისთვის ინდივიდუალური გეგმები უნდა შემუშავდეს, რათა შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა განისაზღვროს.

UNICEF მზადყოფნას გამოხატავს მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი