"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" ემუქრება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მმართველი გუნდის მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.
კერძოდ, კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "პრივილეგიებით" ვერ ისარგებლებს, მათ შორის მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ სამუშაო ფორმატებში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას უკავშირდება.
"დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, არც ფორმალური არც არაფორმალური, არავითარი ფასი არ აქვს. მათ მოუწევთ აუცილებლად მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, ამას ხაზგასმით ვამბობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი... თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ამ დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ბუნებრივია, ვერ ისარგებლებენ. მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება მიშელის დოკუმენტის აღსრულებას",- თქვა კობახიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღეს, 8 ივნისს შედის, თუმცა პარტია შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.