
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ორი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულები, დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი პატიმრობაში დატოვა. მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ვადა გახანგრძლივდა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების შესამსუბუქებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება.
წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. რაც შეეხება ბიჩელაშვილის საქმეს, პროცესი ცალკე წარმოებად წარიმართება და მას მოსამართლე განიხილავს.
ჯარში, არაადამიანური მოპყრობის გამო, შსს-ს 2 მაღალჩინოსანი 21 აპრილს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი - დევდარიანის ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს, ბიჩელაშვილის ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს. ჯარისკაცების დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.