ჯერ დაათვალიერეთ, შემდეგ კამერების გარეშე შედით, ბოლოს სრულად გავხსნათ - მეუფე ნიკოლოზი პანსიონზე

გამოქვეყნდა:

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის პანსიონის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შიგნით მედიის წარმომადგენლები ეტაპობრივად შეუშვან.

კერძოდ, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ჟურნალისტებმა იქ არსებული ვითარება უნდა დაათვალიერონ, შემდეგ კამერების გარეშე შევიდნენ, ხოლო მესამე ეტაპზე უკვე სრულყოფილად შევიდნენ.

მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და თუკი ვინმეს იქიდან უკეთეს პირობებში გადაყვანა სურს, ამაში გასაკვირი არაფერია.

"ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს. ვიღაც ბავშვები არიან, სხვადასხვანაირები არიან, სხვადასხვა განვითარების დონეზე არიან და ვიღაცას თუ უკეთეს პირობებში გადასვლა უნდა, ამაშიც არაფერია გასაკვირი და არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე უცნაურობაა.

პირველ ეტაპზე, რომ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ, მეორე ეტაპი იყოს ისეთი, რომ შეხვიდეთ მიკროფონებისა და კამერების გარეშე, მოისმინოთ და მერე მოყვეთ და შემდეგი ეტაპი უკვე იყოს, რომ სრულად გავხსნათ ყველანაირად, ეტაპობრივად",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

განსხვავებული განცხადება გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა გუშინ 7 ივნისს. მან ჟურნალისტები ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა და პოლიციას მოუწოდა, რომ პანსიონთან კედელი გააკეთოს, რომლის იქითაც ჟურნალისტები შესვლას ვერ შეძლებენ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გუშინ ასევე შსს-ს წარმომადგენლებიც შევიდნენ, თუმცა რა მიზნით იმყოფებოდნენ ისინი იქ უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი