პარლამენტში "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსიის განხილვა გადაიდო. მმართველი გუნდის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, საკითხის გადადების მიზეზი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არყოფნაა.
როგორც მდინარაძემ თქვა, განხილვისას პარლამენტში ენმ-ის წევრებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
"როგორც ხედავთ, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ჯერჯერობით კვლავაც არ არიან დარბაზში, არ ვიცი რას აპირებენ, როგორ აპირებენ, აღარ გადავალ პოლიტიკურ შეფასებებზე, ფაქტია, რომ აქ არ არიან.
ჩვენ დღეს ამნისტია უნდა გავიაროთ ძალიან მალე, მე ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ და მანამდე ჩვენ გვქონდა დანარჩენ ოპოზიციასთან საუბრები, გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ჩვენ ჩვენი მყარი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი არგუმენტები გვაქვს. მაგრამ არგუმენტებსაც თავი რომ დავანებოთ იმ ხალხის გარეშე, რომლის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავმჯდომარეს, მათ შორის ეხება ამნისტიის პროექტი, მათი მონაწილეობის გარეშე არ მგონია, რომ სწორი იყოს. დაველოდოთ და მათი არგუმენტებიც მოვისმინოთ და დრეს გადავდოთ ამნისტიის საკითხი",-თქვა მდინარაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღეს, 8 ივნისს შევიდა, თუმცა ისინი ამნისტიის კანონპროექტის განხილვას არ დასწრებიან.
პარლამენტში ამნისტიის კანონპრიოექტის ორი ვერსიაა დარეგისტრურებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კლანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.