
კახეთის გზატკეცილზე მდებარე N 74–ე საჯარო სკოლაში გაუსაძლისი პირობებია. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „რუმსს“ უნდა შეესრულებინა.
თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს დასასრულებელი სარემონტო სამუშაოები, დღემდე არ არის შესრულებული.
როგორც ირკვევა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი ზურაბი ჩხიტუნიძეა, რომელიც ამავდროულად, შპს სუპერბეთისა და შპს ლიდერბეთის მფლობელია.
თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი განათლების მინისტრს აღნიშნული საკითხით დროულად დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
არც ფრონტის წინა ხაზზე ვართ, არც ბომბი არ ჩამოვარდნილა, თუმცა „ქართული ოცნების“ შემომწირველები ნამდვილად შევარდნენ აქ, ტენდერით, მილიონობით ლარით, არიეს-დარიეს აქაურობა, სახურავი გადახადეს, რამდენიმე თვე მიატოვეს ისე, რომ დალპა, ფაქტობრივად, აქაურობა, წყალიც ჩამოდის, ჭერიც ჩამოვარდა, პარკეტიც აღარ ვარგა, გაუსაძლისი მდგომარეობაა... დღესვე მინისტრმა სასწრაფოდ ხელები აიკაპიწოს და მოვიდეს აქ, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.