პარლამენტში დეპუტატები ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვარიანტს განიხილავენ. სიტყვით გამოსვლისას"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ თქვა, რომ კანონპროექტში როგორი ცვლილებაც არ უნდა შევიდეს, მას მეორე მხარე მხარს არ დაუჭერს, აქედან გამომდინარე მან ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს საერთოდ არ მიიღებს.
"როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ახლა ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, დამერწმუნეთ, არ იქნება, ეს გამოცდილება არსებობს და მერე იქნება სალაპარაკო ტელევიზიებში და ქუჩაში იქნება მოწოდება, ამიტომ ასეთი შეკითხვა მაქვს, რა მოხდება, რო ეს აქტი საერთოდ არ მივიღოთ?!",-თქვა ლადო კახაძემ.
პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი.