
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე შესაძლო ზეწოლა ახალი დანაშაულია, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.
მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა ყველა მოწმის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიება უნდა გაატარონ.
"მოწმეზე და მსხვერპლზე ზეწოლა, მათ მიერ მიცემული ჩვენების გამო, მართლმსაჯულებისთვის და გამოძიებისთვის ხელშეშლა არის ახალი დანაშაული, რაზეც ეს წუთია ისაუბრა სახალხო დამცველმა ბრიფინგზე. მოვითხოვთ სამართალდამცავებისგან ყველა ბავშვი და ზრდასრული მოწმის და მსხვერპლის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიების გატარებას და სავარაუდო დანაშაულზე რეაგირებას", - წერს ანა არგანაშვილი.
ბენეფიციარების მიართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს PHR-ის თავმჯდომარე, ანა აბაშიძეც. როგორც აბაშიძე Facebook-ზე წერს საგამოძიებო ორგანოებმა მოწმეთა დასაცავად დაცვის სპეციალური ღონისძიებები უნდა გამოიყენოს.
"ამ დრომდე ათეულობით ბავშვმა და ზრდასრულმა მისცა ჩვენება პანსიონატში არსებულ სისტემურ ძალადობაზე არასათანადო/არაადამიანურ მოპყრობაზე. ამის გამო მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა რასაც სახალხო დამცველიც ადასტურებს. ამიტომ აუცილებელია გამოძიებისთვის ხელშეშლის და მოწმეთა დაშინების თავიდან ასარიდებლად, ასევე მოწმეთა დასაცავად სხვადასხვა საშიშროებისგან, ყველა პირის მიმართ, რომელიც ამხელს დანაშაულებს, საგამოძიებო ორგანოებმა გამოიყენონ დაცვის სპეციალური ღონისძიებები!!!"-წერს აბაშიძე.
სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ. სახალხო დამცველის აპარატს ფაქტის შესახებ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ყოფილი ბენეფიციარი დაუკავშირდა.