ფულის გათეთრების საქმე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ, არ არსებობს საფუძველი, რომ მათ ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს: სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას; თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას; მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას, - წერია დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნაში.
ექსპერტის თანახმად, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა ფაქტი ბრალდების სასარგებლოდაც რომ სცნოს, ფულის გათეთრების ბრალდება მაინც ვერ დადასტურდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.
საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება, - წერია განცხადებაში.
ექსპერტი განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.
არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.