"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, რადგან რაც შეიძლება მალე "ქართული ოცნების" თითოეულმა წევრმა ის დატოვოს. მელიას თქმით, ამის შემდეგ საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ნამდვილი პარლამენტი აირჩიოს.
"ერთადერთი ის, რის გამოც მე დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალინ მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე ვადით, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეურაცხმყოფელად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთა ერთად.
მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი, აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად", - თქვა ნიკა მელიამ.
მისი განცხადებით, ბევრი "ქართული ოცნების" წევრი მას და ოპოზიციის აზრებს გულის სიღრმეში ეთანხმება და აცნობიერებენ, რომ სახელმწიფო ერთი ადამიანის მიერაა მიტაცებული.