ათასობით ლარი სასტუმროს ხარჯებისთვის - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმრო ვილა "ზუზუმბოში" ისვენებს და ხალხის ფულს საკუთარი კომფორტისთვის ხარჯავს. მაჟორიტარმა პირველი კონტრაქტი გამარტივებული ფორმით - ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უკვე გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, შპს "ბუნებრივს აირს" ირაკლი ქადაგიშვილი სასტუმროსა და სარესტორნო ხარჯებისთვის ამჯერად 2500 ლარს გადაუხდის.
ირაკლი ქადაგიშვილმა სასტუმროს მომსახურებით უკვე რამდენჯერმე ისარგებლა. მაჟორიტარი ახლა ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მინიმალურია და ხალხის ფულს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ხარჯავს.
ოპოზიციაში არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში არსებულ უმძიმეს გაჭირვებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მაშინ როცა მაჟორიტარს მანქანა ემსახურება და მის სახელზე გამოყოფილია დიდი ოდენობით საწვავი, დეპუტატი პირად კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობენ. სასტუმრო, სადაც ირაკლი ქადაგიშვილი ხალხის ფულს ხარჯავს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ გავლენიან ბიზნესმენენ შოთა დემინაშვილს, ზედმეტ სახელად ლეკს ეკუთვნის. მის კომპანია შპს "ბუნებრივ აირსა" და ვილა "ზუზუმბოს" აწარმოე საქართველოს ფარგლებში თითქმის 600 000 ათასი ლარი აქვს მიღებული.
ეს ჯერ მხოლოდ ერთი კონტრაქტია. 2500 ლარის დახარჯვის შემდეგ სავარაუდოდ მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი კიდევ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და საკუთარი კოფორტისთვის კიდევ ათასობით ლარს დახარჯავს, ამ დროს კი კორონაპანდემიის დროს ასობით ადამიანი ქადაგიშვილის სამაჟორიტარო ოლქში სამსახურის გარეშე დარჩა და არ იცის, როგორ გამოკვებოს ოჯახის წევრები.