ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პორტის მშენებლობაში პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს და მათ 30 მილიონი დოლარი უკვე გადმორიცხეს. პროექტის სრული ღირებულება კი 93 მილიონი დოლარია.
ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, როგორც სახელმწიფო ზრუნვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე - ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების არამხოლოდ უსაფრთხოების ან დემოკრატიზაციის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებით. ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.