"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოკავშირეებს დაარწმუნებს, რომ დახმარების გამოყოფა ფულის ფუჭად ფლანგვა არ იქნება და ქართველ ხალხთან მივა" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, როდესაც ქვეყნის დემოკრატიული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ განცდა, რომ ეს დახმარება არ მივა ხალხთან, - ამბობს სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოშიც" ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რვა მარტის შეთანხმება უნდა შეასრულოს.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნლოვანია, საქართველომ არ დაკარგოს ეს დახმარება. ყველას ინტერესში უნდა იყოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს რვა მარტის შეთანხმებით - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა, - ამბობს სერგი კაპანაძე.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა გუშინ ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო რეფორმებსა და კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორებისგან 500-ს მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რვა მარტს მიღწეული ვალდებულებების შესრულებასთან.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში. ეს ნდობა შეიძლება, დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებისა, მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმებაც მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს - ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოში. მჯერა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო, ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს“ - წერს კუბილიუსი.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.