
ეზოში დატოვებული სამშენებლო ნარჩენები, ჩამონგრეული ჭერი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ასე გამოიყურება 178-ე საჯარო სკოლა.
ისანი-სამგორის რაიონში მდებარე სკოლაში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა. ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ქართული ოცნების" შემომწირველია.
სკოლის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. ახლა 2020 წლის მაისია და უკვე შვიდი თვეა, შენობას გადახდილი აქვს სახურავი.178-ე სკოლაში წვიმს პირდაპირი მნიშვნელობით. განადგურებულია სკოლის ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის ოთახები და სპორტული მოედანი. ეს არის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, - ამბობს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, 178-ე სკოლის, ისევე როგორც 74-ე სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „რუმსს“ უნდა შეესრულებინა.
როგორც ირკვევა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველია, რომელიც ამავდროულად, შპს "სუპერბეთისა" და შპს "ლიდერბეთის" მფლობელია.
ლევან ხაბეიშვილი განათლების მინისტრს ამ საკითხით დროულად დაინტერესებისკენ მოუწოდებს.