
"არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
"ქართული ოცნების" წევრი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს სოლიდურ დახმარებას გარკვეული კომპონენტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუწევს.
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის დახმარება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან პირდაპირპროპორციული არ არის.
სწორედ ეს არის ენმ-ის მიზანი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ჩვენს ძმაკაცებს თუ არ გამოუშვებენ ციხიდან, ჩვენ ყველა საშუალებას - ტყუილის და ძალადობის კუთხით, ვიხმართ იმისთვის, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. 2020 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს გასცემს ენმ-ს და მის სატელიტებს, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის პრობლემების შექმნას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უკვე ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო რეფორმებსა და კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორებისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის რვა მარტის შეთანხმების პირობების შესრულებასთან.