საქპატენტის ხელმძღვანელმა 2 დღის წინ ფოსტით გაიგო, რომ სამსახურიდან გაუშვეს. ოფიციალური მიზეზი ფინანსური აუდიტის მოკვლევის შედეგია, სადაც წერია, რომ მინდია დავითაძემ თანამშრომლის უფლებები შელახა.
დავითაძეს ამ დასაბუთების არ სჯერა და ფიქრობს, რომ ახალმა პრემიერმა წინამორბედის მიერ დანიშნული კადრების წმენდა დაიწყო.
შარშან, "საქპატენტის" უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მუშაობაში ხელისუფლება ვერც პრობლემას და ვერც უკანონობას ხედავდა. მეტიც, მინდია დავითაძემ მიიღო დავალება, "მთავარი არხის" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხელოვნურად გაეჭიანურებინა და ეს დაკვეთა წარმატებით შეასრულა.
საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და იმ სისტემას უპირისპირდება, რომელსაც ერთ დროს წარმატებით ემსახურებოდა.
არ არის გამორიცხული დავითაძე მალე წარმატებით პორტირდეს გახარიას გუნდში. ექსპრემიერის გვერდით შესაძლოა ვიხილოთ, დავითაძის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ნაღებაშვილიც, რომელმაც სამსახური სოლიდარობის ნიშნად დღეს დატოვა.
ნაღებაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მეუღლეა. არის ინფორმაცია, რომ მალე თოლორაიაც გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება.