ხელისუფლება, რომელიც არ არის ხალხის მანდატით აღჭურვილი, უძირო ქვევრია და რამდენი ფულიც უნდა მისცეს დასავლეთმა, იმ ფულს მოიხმარს საკუთარი ინტერესების შესაბამისად - ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
დავით ბერძენიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო 500 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის რვა მარტის შეთანხმების პირობების შესრულებასთან.
მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებასთან ამ გზით საუბარი სწორი ნაბიჯია და იმედოვნებს, რომ სხვა პარტნიორებიც დახმარებას ამ პირობებით უზრუნველყოფენ.
ნახევარი მილიარდი ევრო, უზარმაზარი ფული თუ გინდათ დახმარებისთვის, მაშინ შეასრულეთ ის მინიმალური პირობები, რაც სჭირდება საარჩევნო სისტემას, გარემოს და პოლიტიკური მოტივებით ხალხი არ იჯდეს ციხეში. ეს სწორი მიდგომაა. იმედი მაქვს, ამერიკისა და ევროპის დახმარება იქნება ამ პირობებით უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ სხვა თვალსაზრისით ეს უძირო ქვევრია. თუ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და თუ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც არ არის ხალხის მანდატით აღჭურვილი, ის უძირო ქვევრია და რამდენი ფულიც უნდა მისცეს დასავლეთმა, იმ ფულს მოიხმარს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და არა მოქალაქეების, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.