ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის სოლიდური თანხის გამოყოფას გარკვეული პირობების სანაცვლოდ თანხმდება, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან გარკვევით არის აღნიშნული, რომ რვა მარტს დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყანა დახმარებას ვერ მიიღებს.
გვექნება სრული მხარდაჭერა, მაგრამ ერთ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოკრატიული პროცესი განვითარდება და ადამიანები იგრძნობენ საკუთარ თავზე, რომ ქვეყანა წინ მიდის და ქვეყანა ვითარდება. სხვა შემთხვევაში მხარდაჭერა არ იქნება, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო 500 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის რვა მარტის შეთანხმების პირობების შესრულებასთან.