რა შეიცვლება "ნატოს" სამიტის შემდეგ საქართველოსთვის - "ნატოს" გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას თბილისში აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ექსპერტებისა და ოპოზიციის შეხვედრის მიზანი, "ნატოს" სამიტზე მოსალოდნელი შედეგების განხილვაა.
"უნდა ვისაუბროთ საერთაშორისო ვითარებაზე. რა შეიძლება ნატოს სამიტზე მოხდეს, რა შეიძლება არ მოხდეს. სამწუხაროდ, ის, რომ მაპს არ მოგვცემენ" -თქვა ნოდარ ხარშილაძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა, რომ საქართველოს საკითხი უფრო აქტიურად ყოფილიყო წარმოდგენილი სამიტზე.
"ქართული საკითხი აღარ არის, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც იყო წარსულში და ეს არის ამ ხელისუფლების პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი",- ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაპის მიღების მოლოდინი არარეალისტურია, მაგრამ თუ სამიტზე დაფიქსირდება, რომ "ნატოს" კარი საქართველოსთვის ღიაა, კარგი იქნება.
"არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები, რომ ან მაპს მივიღებთ, ან ნატოში მიგვიღებენ, ასეთი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ ტყუილად. მინიმუმ თუ დაფიქსირდება, რომ ნატოს კარი ჩვენთვის არის ღია და დადასტურდება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო ბუდაპეშტის სამიტზე ეგეც იქნება კარგი. საქართველოს ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არ უმუშავია პრაქტიკულად, რომ ჩვენ მართლა გავმხდარიყავით "ნატოს" წევრი",- ამბობს ჯაფარიძე.
ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი გაიმართება.