
"მთავრობამ დადო არა ანტიკრიზისული გეგმა, არამედ მთავრობამ დადო საარჩევნო გეგმა" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.
შესაბამისი განცხადება მან "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა. ზოდელავამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს წარდგენილ დახმარების გეგმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ იმ ადამიანების გარდა, ვისაც წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი აქვს, ხელისუფლება ყველა მოქალაქეს უნდა დაეხმაროს.
მთავრობის გეგმა გაწერილია ექვს თვეზე, ნაწილდება მიზერული თანხა ექვს თვეზე და ეხება საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს.. ჩვენ თუ გავალთ ქუჩებში, გარეუბნებსა და სოფლებში, ვიტრიალებთ იმ ხალხში, ვისაც დახმარება სჭირდება.. რომ არ შევეხოთ ამ ბიუროკრატიას და ძალიან ბევრი ადამიანი მშიერი არ დარჩეს, ამიტომ ვამბობთ, რომ დავეხმაროთ ყველა ადამიანს, - ამბობს ზოდელავა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსახლეობის დახმარების გეგმა დღეს წარადგინა. გეგმის მიხედვით, აუცილებელია, ხელისუფლება ყველა იმ ოჯახს დაეხმაროს, რომლის შემოსავალიც, წლიურად, 40 ათას ლარს არ აღემატება. მათი ინიციატივით, ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს კი 1000 ლარი უნდა გადაეცეთ.