
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები პარტნიორებისგან გამოყოფილ დახმარებას კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას უკავშირებენ - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, გააკეთა.
ირაკლი ბერაია ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება, სადაც ევროპარლამენტარი საქართველოსთვის თანხის გამოყოფას საკვანძო კომპონენტების შესრულებას უკავშირებს.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ დაუკავშირონ ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, არის მიუღებელი, - განაცხადა ბერაიამ.
ირაკლი ბერაიას აღნიშნავს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დგას, რის გამოც, მმართველი გუნდისთვის მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა, კატეგორიულად მიუღებელია.
გასაგებია, რომ ენმ დიდი მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის, იმისთვის, რომ მიაღწიოს საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, თუმცა ქართულ-ევროპული ურთიერთობები, საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი. ამას ჩვენ წლებია, ძალიან დიდი ძალისხმევით და მონდომებით ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დრის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო 500 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის რვა მარტის შეთანხმების პირობების შესრულებასთან.