
ბიძინა ივანიშვილმა დადებული სიტყვა ერთხელ უკვე დაამსხვრია და გატეხა - ასე ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ნინო გოგუაძე რვა მარტს დადებულ შეთანხმებაზე მმართველი გუნდის პოზიციას.
ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელი არა მოსახლეობის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშეა. გადაცემა „დღის სტუმარში“ საუბრისას, გოგუაძემ აღნიშნა, რომ რვა მარტის შეთანხმება, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა.
რვა მარტის შეთანხმება რომ არ დადებულიყო, მზად ვიყავით, რომ არსებული სისტემით მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში და არსებული სისტემით დაგვემარცხებინა ხელისუფლება. შეთანხმება დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს სწორედ იმიტომ, რომ მან მიიღო უმძიმესი კრიტიკა და უკვე გაისმა მისი პირადი სანქციების თემაც კი. შეთანხმება იყო კომპრომისული, რადგან ჩვენ ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს, ხოლო ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები ძველი სისტემით უნდა ჩატარდეს, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიციას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ რვა მარტს დადებული შეთანხმების ორივე საკითხი შესრულდება.
ეს ორი პირობა დაიდო და უნდა შესრულდეს, - ამბობს გოგუაძე.
ნინო გოგუაძე ამბობს, რომ 20 ივნისის შემდეგ სწორედ პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის მითითებით დააკავეს. ნინო გოგუაძე პოლიტიკურ დევნაზე ღიად საუბრობს და ამბობს, რომ ოლიგარქის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არა ერთი მოქალაქე გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რვა მარტს დადებული შეთანხმება ორ საკითხს მოიცავს - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.