3,3 მილიარდ სინათლის წელზე გადაჭიმული „დიდი რკალი“, რომელიც არ უნდა არსებობდეს

გამოქვეყნდა:

ახლად აღმოჩენილი 3,3 მილიარდ წელიწადზე გადაჭიმული გალაქტიკების რკალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოსმოსური სტრუქტურაა სამყაროში. ეს საოცარი წყობა, რომელსაც გიგანტური რკალი ჰქვია, მოიცავს გალაქტიკებს, გალაქტიკათგროვებსა და უამრავ აირსა და მტვერს. ის დედამიწიდან 9,2 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და ხილული სამყაროს ზომის დაახლოებით მეთხუთმეტედს შეადგენს.

ერთ-ერთი კოსმოსლოგის, ალექსია ლოპეზის თქმით, ეს აღმოჩენა შემთხვევითი და იღბლიანი იყო. ლოპეზი ღამის ცის ობიექტების რუკას 120 000 კვაზარიდან წამოსული სინათლის მეშვეობით ადგენდა. კვაზარი გალაქტიკის კაშკაშა ბირთვია, სადაც სუპერმასიური შავი ხვრელი მატერიას შთანთქავს და უზარმაზარ ენერგიას ასხივებს.

როდესაც სინათლე ჩვენსა და კვაზარს შორის არსებულ მატერიაში გაივლის, მას სხვადასხვა ელემენტი შთანთქავს, რითაც მეცნიერები სამყაროს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებენ. კონკრეტულად ლოპეზმა კი, მაგნიუმის მიერ დატოვებული კვალის გამოყენებით მტვრისა და აირების დაშორება და ღამის ცაზე მდებარეობა გამოთვალა.

ლოპეზის თქმით, ასეთ შემთხვევაში, კვაზარები იქცევიან, „როგორც ბნელ ოთახში შუქურები, რომლებიც შიგნით არსებულ მატერიას ანათებენ“. 

ამ კოსმოსური რუკის შედგენისას, მეცნიერმა სტრუქტურის არსებობა შეამჩნია.

დიდი რკალის შესახებ მინიშნებასავით შევამჩნიე. მახსოვს, მივედი როჯერ კლოუესთან და ვუთხარი: შეხედე ამას! - ამბობს ლოპეზი.

მისმა სადოქტორო მრჩეველმა კლოუესმა ლოპეზს ურჩია, რომ მონაცემების უტყუარობაში დასარწმუნებლად უფრო დეტალური ანალიზი ჩაეტარებინა. ორი სხვადასხვა სტატისტიკური ტესტის გაკეთების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გიგანტური რკალის არარსებობის შანსი 0,0003% იყო. მათ შედეგები 7 ივნისს, ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების ვირტუალურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

გიგანტური რკალის სტრუქტურის გამოსახულება ნაჩვენებია ნაცრისფრად, მეზობელი კვაზარები კი ლურჯად.

გარდა იმისა, რომ ეს აღმოჩენა კოსმოსში არსებულ ყველაზე დიდ ობიექტებში საპატიო ადგილს დაიკავებს, ის სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ წარმოდგენას ძირს უთხრის. ასტრონომებს დიდი ხანის განმავლობაში სჯერათ, რომ სამყაროში კოსმოლოგიური პრინციპი მუშაობს: გიგანტურ მასშტაბებზე მატერია კოსმოსში, ასე თუ ისე, თანაბრად არის გადანაწილებული.

გიგანტური რკალი ისეთ სხვა უზარმაზარ სტრუქტურებზე დიდია, როგორებიცაა, მაგალითად, სლონის დიდი კედელი ან სამხრეთ პოლუსის კედელი.

წლების განმავლობაში აღმოჩენილია რამდენიმე დიდი მასშტაბის სტრუქტურა. ისინი იმდენად გიგანტურია, რომ კითხვა გიჩნდება, შეესაბამება თუ არა ისინი კოსმოლოგიურ პრინციპს. - ამბობს კლოუესი

ის ფაქტი, რომ ასეთი კოლოსალური რაოდენობის მატერია კოსმოსის კიდეებში ერთ დიდ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, მიუთითებს იმაზე, რომ მატერია კოსმოსში მთლად თანაბრად არ არის გადანაწილებული. მაგრამ დღევანდელი სამყაროს სტანდარტული მოდელი კოსმოლოგიურ პრინციპზეა დაფუძნებული. ლოპეზის თქმით, თუ აღმოჩნდა, რომ ის მართალი არ არის, მაშინ სხვა თეორიებისა და წესების მოძებნა მოგვიწევს.

ლოპეზმა არ იცის, როგორი იქნება ეს თეორიები, თუმცა, მან გრავიტაციის დიდ მასშტაბებზე მუშაობის მექანიზმის მოდიფიცირების იდეა წამოაყენა. ეს იდეა ბოლო წლებში მეცნიერთა მცირე ჯგუფში საკმაოდ პოპულარული გახდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი