საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აზრით, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა შესაბამისად ყოფილიყო წარმოდგენილი ბრიუსელის სამიტზე.
"საქართველოს პრემიერმინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. [...] მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში", - თქვა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის ინფორმაციითვე, სამიტის დეკლარაციაში ტექსტი საქართველოზე ძალიან კარგია და მასში ასახულია ის პროგრესი, რაც ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის კუთხით აქვს.