
ტრამპის კრიტიკაზე უფრო სერიოზულია სენატის კრიტიკა - აცხადებს დიპლომატი გიორგი ბადრიძე აშშ-დან საქართველოს ხელისუფლების მისამართით წამოსულ მორიგ მწვავე წერილებთან დაკავშირებით.
გავლენიანი სენატორებისა და კონგრესმენების მოწოდებებზე, "ოცნების" ხელისუფლების რეაქცია და მათი მოხსენიება, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად, ბადრიძის თქმით, გათვლილია იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან ამერიკის პოლიტიკაში.
ვინც არ უნდა იყოს სენატორი რიში, როდესაც საუბარი არის გამოცდილ პარლამენტარზე, კონგრესის წევრზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, აქ ლაპარაკობს უკვე არა რომელიმე შტატიდან არჩეული სენატორი, აქ ლაპარაკობს შეერთებული შტატები, - ამბობს ბადრიძე გადაცემაში "დღის სტუმარი".
შეგახსენებთ, რომ აშშ-დან მორიგი კრიტიკული წერილების ტალღა მას შემდგ წამოვიდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე უარი თქვა, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი.
დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას ისტორიული შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არის აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში, რომელმაც თავის წერილში ტერმინი პოლიტიკური პატიმარი გამოიყენა: "ველოდები შეთანხმების შესრულებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჩათვლით" - წერს რიში.