500 ლარი 18 წლამდე ბავშვებისთვის და 1000 ლარი 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორონაკრიზისით დაზარალებულებისთვის მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. პარტიის ინიციატივაა რომ ფულადი დახმარება მიიღოს ყველამ, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარზე ნაკლებია.
პროგრამას განხორციელებისთვის ერთი მილიარდი დოლარი ანუ სამი მილიარდი ლარი დასჭირდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ თანხის მობილიზება ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დახმარებიდან ადვილი შესაძლებელია.
შშმ პირს, რაულ ღურწკაიას, რომელიც თვითდასაქმებული იყო და წლების განმავლობაში სხვადასხვა ნივთების შეკეთებით ირჩენდა თავს, თითქმის 3 თვეა არცერთი შეკვეთა არ მიუღია. 220 ლარიანი პენსია არაფერში ყოფნის და ნისიების რვეულში ვალი უკვე 1000 ლარს გაცდა. ღურწკაია ხელისუფლების ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებს, რადგან ვერ ამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა მანანა იობიძე და მისი ოჯახიც. იობიძე თვითდასაქმებული იყო. უკვე მეორე თვეა ის და მისი მეუღლეც ოჯახიდან სხვადასხვა ნივთებს ყიდიან და თავს ასე ირჩენენ.
თვითდასაქმებულების ძირითადი ნაწილი და 164 ათასი სოციალურად დაუცველი, კორონავირუსის კრიზისის პირობებში ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამით ვერ სარგებლობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი ალტერნატიული პროექტი მოსახლეობის არცერთ ჯგუფს ფულადი დახმარების გარეშე არ დატოვებს.
ოპოზიციის ინიციატივისთვის დღეს პასუხი არ გაუცია მთავრობას. ეკონომიკის ექსპერტებმა კი ვინც ამ პროექტზე იმუშავეს, ანტიკრიზისული გეგმიდან დაითვალეს და დაასკვნეს, რომ 2 მილიონ 700 ათასი მოქალაქე ხელისუფლებამ დახმარების გარეშე დატოვა. მათ შორის პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, თვითდასაქმებულების უმეტესობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დევნილების ნაწილი.