ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე.
ოკუპაცია, ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერშეტევებ, საინოფრმაციო ომები და "დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევები" - ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა.
"ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს "- ამბობს ღარიბაშვილი.
ის ნატო-ს სამიტსაც შეეხო, რომელიც ბრიუსელში დღეს გაიხსნა:
ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.
დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს.დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება. მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ.
თუმცა, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში.წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით.
რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად- თქვა ღარიბაშვილმა