მეზღვაურების საქმე - სასამართლოზე ბრალდების მხარემ დღეს ბოლო მოწმე დაკითხა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ბოლო მოწმე დაკითხა.

საქმის მთავარმა პროკურორებმა  სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება საჯაროდ წაიკითხა, რადგან ის სასწავლო პროგრამით უცხოეთში იმყოფება.  

მოწმის ჩვენების მიხედვით, ბრალდებულებმა  საქართველოს ტერიტორიული წყლები იახტით უკანონოდ გადმოკვეთეს. საპირისპიროს ამტკიცებდა დღეს დაცვის მხარის მოწმე ექსპერტი.  

საზღვაო სამართლის სპეციალისტის ინფორმაციით,  საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  ბრალდებულები მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდნენ და კატარღის ეკიპაჟს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის შესახებ სასაზღვრო პოლიციისთვის იმ შემთხვევაში უნდა შეეტყობინებინათ, თუ მცურავი საშუალება პორტში შემოვიდოდა.  

იახტა, რომლითაც პროკურატურის ვერსიით ბრალდებულებმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით მესაკუთრეს დაუბრუნდება.

მოსამართლე დავით მამისეშვილის განმარტებით, საქმეში ბევრი საკითხია ბუნდოვანი და დასაზუსტებელია სამართლებრივი გარემოებები. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ. სავარაუდოდ განაჩენი ამ საქმეზე ივლისის დასაწყისში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბერს, ღია ზღვაში, კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი