სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია,- წერია "საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიშში სახელწოდებთ - საპარლამენტო კონტროლი — 2019-2020 წლების შეფასება:
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კანონი არ ანიჭებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კონტროლის მიზნით სპეციალური მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებებს (მაგალითად, ზედამხედველობა ინფორმაციის მოპოვების ღონისძიებებზე, ფარულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ა.შ.);
ნდობის ჯგუფს პარლამენტის რეგლამენტი ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდულ მანდატს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით გაიზარდა ნდობის ჯგუფის კომპეტენცია, არ არის უზრუნველყოფილი ექსპერტთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ნდობის ჯგუფთან არ არსებობს ექსპერტთა საბჭო, რომლის წევრებსაც ექნებოდათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და შეძლებდნენ კონტროლის განხორციელებას.
მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ., მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა; ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს. საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.
არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას - ვკითხულობთ გამჭვირვალობის ანგარიშში.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სუს-ს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.
TI-ში ამბობენ, რომ აღნიშნულ საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები.
ამავე თემაზე:
TI: პანდემიის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე