"გამეცინა" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას, ეშინია თუ არა მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტიის.
ჟურნალისტებთან კუჭავამ "ქართული ოცნების" მხრიდან გიორგი გახარიას კრიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, მაშინ როცა პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაში მოდის, მის მიმართ კრიტიკა ჩნდება.
"პროცესს რომ მიადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ ქართული ოცნების კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და ყველა პოლიტიკური ჯგუფი.
როცა პოლიტიკური ჯგუფი განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიციები დაიჭიროს, შესაბამისი კრიტიკა მოჰყვება ხოლმე მეორე მხარისგანაც, ეს ბუნებრივი პროცესია",-თქვა კუჭავამ
რაც შეეხება კითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა ყოფილი პრემიერი საგამოძიებო უწყებამ 20 ივნისის საქმეზე, კუჭავამ თქვა, რომ გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და თუ კი გამოძიებას, ვინმესთან რაიმე შეკითხვა აქვს, პასუხის გაცემა ყველას მოუწევს.
"იმ შემთხვევაში, თუ კითხვა ჩნდება და მნიშვნელობა არ აქვს, აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, პროცესი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს",-თქვა კახა კუჭავამ.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 17 თებერვალს დატოვა, 29 მაისს მან პარტია "საქართველოსთვის" დააარსა.