
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერა დაგვჭირდება - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა, გააკეთა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანისთვის მმართველ პარტიას ხმები არ ჰყოფნის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა, ეს ხმები საკმარისი არ იქნება.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ოპონენტებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდეს. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, ცხადია, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი არ არიან მზად, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ რვა მარტის შეთანხმებას ორი ნაწილი აქვს და თუ ივანიშვილის გუნდი პოლიტპატიმრებს ციხიდან არ გამოუშვებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კი პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დაიწყება.