20 ივნისს მთავრობისა და უმრავლესობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, სადაც შესაძლოა, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე იმსჯელონ. საუბარია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეცვლაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოსტს დატოვებს და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.
"ქართულ ოცნებაში" ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მათ არაფერი იციან. მათივე მტკიცებით, ერთობლივ შეხვედრაზე მხოლოდ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.
"ნამდვილად არ ვადასტურებ. ამ წუთას ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძეა. მე პირადად არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, რომ ბატონი ირაკლი იცვლება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილით.
ჩვენ ზეგ მთავრობასთან და უმრავლესობასთან ერთობლივი შეხვედრა გვაქვს, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
იცით, რომ მე ვარ ქართული ოცნების დამაარსებელი, 2012 წლიდან ამ გუნდის წევრი, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ",- თქვა რიმა ბერიძემ.
ამასთან 25 ივნისს, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 25 ივნისს პარლამენტში ყოველწლიურ შემაჯამებელ ანგარიში უნდა წარადგინოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ პრემიერთან მწვავე და კრიტიკული კითხვები ექნებათ, მათი ძირითადი კითხვები კი ძირითადად ეკონომიკას შეეხება.