
20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშოები მერიას ჯერ არ დაუსრულებია.
"სირცხვილიას" წევრები კახი კალაძეს მიმართავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავად გააკეთებენ.
2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ ან არ ახერხებთ 1 245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად, - ნათქვამია სირცხვილიას მიმართვაში.
20 ივნისის სისხლიანი ღამე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა გააკრიტიკეს. აქტივისტებმა მისი ჩამოსვლა პარლამენტთან გააპროტესტეს. გარდა, რუსი დეპუტატის პარლამენტში შესვლის გაკრიტიკებისა, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა.
გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადფენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.