
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ამის შესახებ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამა საუბრობს. მისი ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად, აუცილებელია, საქმე კიდევ ერთხელ გამოიძიონ.
ვინ იძიებს საქმეს. არავინ არ იძიებს, სახელმწიფო არ იძიებს ყოველშემთხვევაში. სახელმწიფო არ გამოიძიებს. ჩემი სიცოცხლის ბოლომდე მაინც გავიგებ სიმართლეს, - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.