ფინანსთა ახალმა მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ხანში მოახერხა საზოგადოების გაოცება -- ასე მაგალითაც ლარი იმიტომ გამყარდა, რომ ვაქცინაცია მიდის წარმატებითო. სინამდვილეში როგორ მიდის ვაქცინაცია ცოტა ხანში ნახავთ. მანამდე კი ლაშა ხუციშვილის, ახალი მინისტრის ქონება და ხელისუფლებათან დაკავშირებულ კომპანიებში წარმატებით დასაქმებული ოჯახის წევრები. "ქართუ ჯგუფი" და RMG ის ორგანიზაციებია, სადაც მინისტრის სანათესაოა დასაქმებული. თავად მინისტრს საუბრის სურვილი არ აღმოაჩნდა, ინტერვიუ კი მის მამასთან ჩავწერეთ, რომელიც "ოცნების" დამფუძნებელიცაა და "ქართუში" მუშაობის პარალელურად საკვებ დანამატ - "მარგალი პლუსსაც" უშვებს.
ლაშა ხუციშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ღარიბია. იგივეს ამბობს ლაშა ხუციშვილის მიერ, 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც უბრალოდ ცარიელია. ის, რასაც ხუციშვილი გასულ წელს, ივანე მაჭავარიანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას დეკლარაციაში უთითებს, მეუღლის სახელზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა და 11 თვეში ხელფასის სახით აღებული 94 250 ლარია. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია, თუკი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ქონებრივ მდგომარეობას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ის ყველაზე ღარიბია.
ლაშა ხუციშვილი ფინანსთა სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობს, ის აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შვიდი წლის თავზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა მას ივანე მაჭავარიანის სკამი ჩააბარა...
ფინანსთა მინისტრის მამა, ნუგზარ ხუციშვილი კი პარტია "ქართული ოცნების" თანადამფუძნებელი და მმართველი გუნდის მსხვილი შემომწირველია. ნუგზარ ხუციშვილის სახელს და გვარს "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაში ხშირად შეხვდებით, ის ბიძინა ივანიშვილის გუნდს გვერდში ყველა არჩევნების წინ ედგა. მას ასი ათასი ლარი პარტიის სალაროში უკვე გადარიცხული აქვს, პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველის ოჯახმა "ქართული ოცნებისგან" მადლობის სახით თანამდებობებიი ასე გადაინაწილა:
მინისტრის მოადგილის, მოგვიანებით კი მინისტრის სკამი - ლაშა ხუციშვილს. მინისტრის მამას, ნუგზარ ხუციშვილს მაღალი თანამდებობა უკავია ბანკ "ქართუში", მინისტრის ძმა გიორგი ხუციშვილი მუშაობას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია RMG გოლდში იწყებს, მინისტრის ძმის ცოლი თათია ჯაჯანიძე კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საქმდება. ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ოცნება" მოდის და პარტიას მხარდამჭერები დიდი ოდენობით ფულს ურიცხავენ.
ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი: "ფინანსთა მინსიტრის ფინანსური სქემა"