რატომ გვეშინია სიბნელის? - კითხვას პასუხი ახალმა კვლევამ გასცა

გამოქვეყნდა:

რომელი გირჩევნიათ: კარგად განათებული ქუჩა თუ ჩაბნელებული ჩიხი? უმეტესობა ჩვენგანი ბნელ ჩიხში სიარულს კარგად განათებულ ქუჩას არჩევს. მაგრამ რატომ?

სინათლე ადამიანის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: დაწყებული ჩვენი შინაგანი ცირკადული საათის რეგულირებითა და დამთავრებული ემოციებისა და განწყობის ცვლილებით. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ უცნობია, როგორ გავლენას ახდენს სინათლე ხასიათსა და ემოციურ ბალანსზე ადამიანებში, მღრღნელებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შუქს შესაძლოა ტვინის შიშისა და ემოციების დამუშავების ცენტრზე ჰქონდეს გავლენა. ამ ადგილს კი ამიგდალა ეწოდება.

მონაშის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეტის გასაგებად ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარება ფუნქციური მაგნეტო-რეზონანსული გადაღების (fMRI) მოწყობილობის გამოყენებით გადაწყვიტეს. მათი სურვილი იყო, რომ დაედგინათ, როგორ გავლენას ახდენდა სინათლე და სიბნელე ამიგდალას აქტივობაზე. ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალში PLOS ONE გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ზომიერი სინათლის ხარჯზე ამიგდალას აქტივობა უფრო შემცირდა, ვიდრე მკრთალი განათებისას. ეს კი ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იწვევს სიბნელე უფრო მეტ შიშს.

კვლევა 24 მონაწილეს მოიცავდა, რომელთა ნაწილი fMRI-ის ქვეშ 100 ლუქსის განათებაში იყო (საშუალოდ განათებული), ნაწილი კი მკრთალ შუქში - დაახლოებით, 10 ლუქსში. fMRI-ს გამოყენებით, მეცნიერებს ტვინის აქტიური რეგიონის დანახვა რეალურ დროში შეეძლოთ. 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც მონაწილეები საშუალო განათებაში იყვნენ, მათი ამიგდალას აქტივობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე დაბალ განათებაში.

გარდა ამისა, ამიგდალა კავშირშია ვენტრომედიალურ შუბლისწინა ქერქთან, რომელიც რისკის, ემოციური პასუხებისა და შიშის უფრო მაღალი რანგის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ტვინის ეს რეგიონი ამიგდალას აქტივობის რეგულირებაში კრიტიკულ როლს თამაშობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური პასუხების სუპრესიაში. ამ კვლევის ავტორებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სინათლე არა მხოლოდ პირდაპირ იწვევს ამიგდალას აქტივობის სუპრესიას, არამედ ის ამიგდალასა და ვენტრომედიალურ შუბლისწინა ქერქთან კავშირს ზრდის, რაც იმის კარგი ახსნაა, თუ რა სარგებლობა აქვს სინათლეს ემოციების ბალანსზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი