
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე გამართულ აქციას 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი დაესწრება. თამლიანმა ინფორმაცია "დღის სტუმარში" სტუმრობისას გაახმოვანა.
აუცილებლად წავალ და ვიქნები აქტიური, - განაცხადა თამლიანმა.
ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან 23 მარტს გაათავისუფლეს. მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.
20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშოები მერიას ჯერ არ დაუსრულებია.
20 ივნისის სისხლიანი ღამე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა გააკრიტიკეს. აქტივისტებმა მისი ჩამოსვლა პარლამენტთან გააპროტესტეს. გარდა, რუსი დეპუტატის პარლამენტში შესვლის გაკრიტიკებისა, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა.
გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადფენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.