კლანური მმართველობა სასამართლოებში - "ენმ - ძალა ერთობაშია" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პარლამენტს საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სასამართლოებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ პირობებს არღვევს.

დეკანოიძის თქმით, კომისიამ უნდა დაადგინოს სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებები.

2021 წლის 23 მარტს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონალური უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე “დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში” საკმაოდ მწვავე შეფასებები გაჟღერდა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნულია რომ “მართლმსაჯულების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება უკავშირდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის იყენებს დისციპლინარულ მექანიზმებს, წახალისების ან/და პასუხისმგებლობის დაკისრების სახით. მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება კი მიგვანიშნებს კლანურ მმართველობაზე“.

ზემოთ განხილული ანგარიშებისა და რეკომენდაციების ფონზე იკვეთება აუცილებლობა, რომ საქართველოს პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და დეტალურად შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები. ეჭვები იმის შესახებ, რომ ძალაუფლება გავლენიანი მოსამართლეების ხელშია კონცენტრირებული, რაც თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უშლის კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპების განხორციელებას, საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და გამოიკვლიოს ე.წ. ,,კლანური მმართველობის” გავლენის მასშტაბები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოკვეთილი პრობლემებისა, თუ ხარვეზების საკითხები.

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის თანახმად, უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს საკითხი დროებითი კომისიის (შემდგომში „კომისია“) შექმნის თაობაზე, რომელიც შეისწავლის „საერთო სასამართლოებში არსებული კლანური მმართველობის ფაქტს“. ამასთანავე, დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 17 წევრით, ხოლო ამ კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ანგარიში საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნება.

ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობას მხარი დაუჭირონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი