პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ახალი სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის მიზანი "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაა.
სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე შეიმუშავებს "ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას".
"სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები", - წერია მთავრობის განცხადებაში.
კომისიასა და სამუშაო ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.