
"ირაკლი ოქრუაშვილი არის ივანიშვილ-გახარიას პოლიტპატიმარი", - ეს განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა.
მისი თქმით, 20 ივნისის საქმის ფარგლებში, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება აბსურდულია. ჩალაგაშვილისვე შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერი სასჯელს 20 ივნისის ღამით პარლამენტის წინ დგომისთვის იხდის.
ჩალაგაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ, რასაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა აქტივისტებიც ადასტურებენ.
გურამ ჩალაგაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება "რუსთავი 2"-ის საქმესაც უკავშირდება, როდესაც მან ქიბარ ხალვაშის ხელმოწერილი დოკუმენტი წარადგინა.
ივანიშვილს არ მოეწონა ის, რომ ირაკლიმ თქვა სიმართლე, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა შოთაძის დახმარებით, რომ როგორმე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მათ შორის, სააკაშვილი იქნებოდა თუ ადეიშვილი, მიეღო მისთვის სასარგებლო ჩვენება, რომლითაც ის კიდევ უფრო მეტად შეეცდებოდა ამ ადამიანების დაპატიმრებას. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი იხდის სასჯელს, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
გურამ ჩალაგაშვილი პოლიტპატიმრების საქმეზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც ეხმაურება. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ტერმინი "პოლიტპატიმარი" საჯაროდ არაერთხელ გაახმოვანეს.
ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ რიშმა თქვა, რომ რვა მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდეს, შემდეგ ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და უნდა გათავისუფლდეს, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
გურამ ჩალაგაშვილი რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ უნდა და პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადატანას ცდილობს.
თუ მოინდომებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ამ კანონპროექტს ჩააგდებენ, ვურჩევ მათ შეასრულონ პირობები, ნუ გადაიმტერებენ დასავლეთს და ნუ გაანაწყენებენ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - ამბობს ჩალაგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა მიუსაჯა.