"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ 22 ივნისს საქართველოში პუტინის მიერ დევნილი რუსი ბიზნესმენის სერგეი ბოკარევის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ბოკერიას თქმით, ბოკარევმა წლების წინ რუსეთში ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას ღიად დაუჭირა მხარი, საჯაროდ დაგმო რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, რასაც პუტინის რუსეთის მხრიდან ჯერ ფინანსური პრობლემები მოჰყვა, შემდეგ ბიზნესმენს მოსთხოვეს საჯაროდ დაეგმო მისივე განცხადებები, მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.
სერგეი ბოკარევი 2018 წელს საქართველოში ჩამოვიდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კი ის რუსეთის მოთხოვნით დააკავა. პირველმა ინსტანციამ ბიზნესმენი გაამართლა, თუმცა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება მის დევნას დღესაც განაგრძობს.
"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2018 წელს აქ იწყება მთავარი მოვლენები: მას ჯერ აკავებენ და 9 თვე წინასწარი პატიმრობის საკანში ამყოფებენ, რუსეთის მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე, ამის შემდეგ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მან წარმატება მოიპოვა და რუსეთის ექტსრადაციაზე უარი ეთქვა, დღესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს მის დევნას. ხვალ არის მისი სასმართლო და ჩვენი ხელისუფლების წარმატების შემთხვევაში, მას პუტინის რუსეთის ხელში ექსტრადირება ემუქრება",-თქვა გიგა ბოკერიამ.