საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
გიორგი ვაშაძის ინიციატივა საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის სესხების გაცემაში, მონოპოლი აღარ იქნება.
"კითხვა ჩნდება, თუ ამ სესხმა მხოლოდ 4%-იანი რისკი აქვს, რატომ ეუბნება ბატონი რუხაძე, რომ 36%-ში უნდა მოგცე სესხი? იმიტომ რომ მას აქვს მონოპოლია",-თქვა გიორგი ვაშაძემ სხდომაზე.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ირაკლი ზარქუა ვაშაძის ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელშეკრულებაში არის პირობა, რომლის თანახმადაც პენსიონერებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ სესხი სხვა ბანკში ჩაერიცხოთ.
"საერთოდ აცდენილია რეალობას, პოპულიზმით არის გაჟღენთილი. ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ პენსიონერს მიეცეს საშუალება მოითხოვოს, რომ სხვა ბანკში ჩაერიცხოს, არადა მაშინაც ავხსენით კომიტეტზე, რომ ხელშეკრულებით ეს ისედაც გვაქვს",-თქვა ირაკლი ზარქუამ.
სხდომას ესწრებიან პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებიც. ისინი ამბობენ, რომ საპენსიო სესხის აღება უკიდურესი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწიათ და უკვე წლებია დაფარვა მაღალი პროცენტით უწევთ. მათივე თქმით, პენსიიდან მათ მხოლოდ მიზერული თანხა რჩებათ.